English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ რამაზ აბესაძე
ეკონომიკური განვითარების პროცესები ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.03.ABESADZE

ანოტაცია

ნაშრომში გამოკვლეულია ეკონომიკური განვითარების  პროცესები ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში, რომელიც მოიცავს ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანას.

მიუხედავად იმის, რომ დედამიწის წარმოშობის შემდეგ ადგილი ჰქონდა განვითარების ძალზედ ნელ ტემპებს, თანამედროვე საზოგადოება სწორედ დედამიწის, ადამიანისა და ეკონომიკის ევოლუციისა და განვითარების პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა.

საკვანძო სიტყვები: პრიმიტიული ეკონომიკა, ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა,, პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი 

შესავალი 

თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბება განაპირობა: დედამიწის წარმოქმნის უნიკალურმა კოსმოსურმა მოვლენებმა; სასწაულებრივმა მოვლენებმა დედამიწის, სამყაროში უსასრულოდ მრავალრიცხოვან ციურ სხეულებს შორის,  ისეთ ერთად-ერთ პლანეტად ჩამოყალიბებამ, რომელზეც სიცოცხლე არსებობს (თუმცა შესაძლებელია სხვა ციურ სხეულზედაც არსებობდეს სიცოცხლე, მაგრამ ეს, ჯერჯერობით, დაუდგენელია); დედამიწაზე აქამდე აუხსნელმა სიცოცხლისა და მისი უმაღლესი ფორმის, ადამიანის, წარმოშობამ და მისმა ევოლუციამ; ადამიანის მიერ იარაღის გამოყენებამ, პრიმიტიული ეკონომიკის წარმოქმნამ და მისმა ევოლუციამ. მასაშადამე, დედამიწის, ადამიანისა და ეკონომიკის ევოლუციისა და განვითარების გარეშე თანამედროვე ცივილიზაცია არ იარსებებდა.

დედამიწის წარმოქმნის შემდეგ ცვლილებები ძალიან ნელა მიმდინარეობდა, მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს მილიარდობით და მილიონობით წლები დასჭირდა, მაგრამ დღევანდელ გრანდიოზულ მიღწევებს, სწორედ, ამ დროს ჩაეყარა საფუძველი.

უძველესი წინაისტორიული პროცესები დღეისათვის სრული მეცნიერული სიზუსტით შეუსწავლელია, ვინაიდან იგი მხოლოდ არქეოლოგიური მეცნიერების შედეგებს ეყრდნობა. ამიტომ, ამ მოვლენებზე სხვადასხვა ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ როგორც დამიწამ, ისე ადამიანმა, ეკონომიკამ და მთელმა საზოგადოებამ ევოლუცია  განიცადეს და ჩამოყალიბდნენ დღევანელი ფორმით.

ეკონომიკის ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, მეცნიერულ ლიტერატურაში არის ისტორიამდელი ეკონომიკის თეორიის შექმნის მცდელობა, რომლის მიხედვითაც ასეთი ეკონომიკა არის არსებობის საშუალებათა მოპოვების პროცესი, საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის­უნარ­იანობის უზრუნველყოფასთან [მაგ.,  Polanyi K. 1961].

ეკონომიკის ჩამოყალიბებას იმ სახით, რა სახითაც დღეისთვის გვაქვს დიდი დრო დასჭირდა. თავდაპირველად იგი ისეთივე პრიმიტიული იყო, როგორც ადამიანი და მის მიერ გამოყენებული იარაღი (ამიტომ ასეთ ეკონომიკას შეიძლება პრიმიტიული ეკონომიკა ვუწოდოთ), მაგრამ მას პრიმიტივიზმის მიუხედავად, მაინც აქვს თანამედროვე ეკონომიკის გარკვეული ნიშნები (თვით მისი ჩანასახოვანი სახით არსებობისასაც კი), ვინაიდან მაშინაც არსებობდა: ურთიერთობა ბუნებასთან;  ურთიერთობები თემის (ჯგუფის) წევრებს შორის საკვების შეგროვების (შემდეგ კი ბუნებრივი ნედნეულის გადამუშავების, მიღებული  პროდუქტების განაწილებისა და ურთიერთგაცვლის დროს); ტექნოლოგიები (იარაღების წარმოებისა და კერამიკული ჭურჭლის დამზადების,  საჭმელის მომზადების, სასოფლო პროდუქციის მოყვანისა და გადამუშავების და სხვ.);  ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი - პირველყოფილი ადამიანის უნარი და ჩვევები; შრომის იარაღები (თავდაპირველად ბუნებრივი, შემდეგ კი წარმოებული); ინფორმაციის გაცვლა (სავარაუდოდ ჯერ ბგერითი სიგნალების, შემდეგ კი მეტყველებისა და დამწერლობის მეშვეობით);  ინსტიტუციები (მაგალითად, ჰამურაბის კანონები ბაბილონში (ძვ. წ. 1792-1750) და მრავალი სხვ.) და ა. შ. 

დედამიწის, ადამიანის წინაპართა და პრიმიტიული ეკონომიკის წარმოშობა  წარმოშობა 

ვარაუდობენ, რომ დედამიწა მზის სისტემაში წარმოიშვა 4,6 მილიარდი წლის წინ. მაშინ დედამიწა გამოიყურებოდა როგორც მუქი ნაცრისფერი სფერო, არ გააჩნდა არც ქერქი და არც ბირთვი, ატმოსფერო ნახშირბადით იყო გაჯერებული. მასზე არავითარი ნიშანწყალი სიცოცხლისა არ არსებობდა. ძნელად წარმოსადენია, ზებუნებრივი ძალების გარეშე, ამ სრულიად მკვდარი და უსიცოცხლო მასის ისე გარდაქმნა, რომ მისგან დღევანდელი სიცოცხლით სავსე პლანეტა და მასზე მაღალგანვითარებული  საზოგადოება ჩამოყალიბდებოდა. ამაზე მეცნიერებას ზუსტი პასუხი დღესაც არა გააჩნია.

ერთ-ერთი შეხედულების თანახმად დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა დაახლოებით 3,6-4 მილიარდი წლის წინ, ოღონდ, მხოლოდ ერთუჯრედიანი მიკროსკოპული ორგანიზმების სახით. მათ გარკვეული როლი ითამაშეს დედამიწაზე სასიცოცხლო პირობების ჩამოყალიბებაში, კერძოდ დედამიწის გარშემო არსებული ნახშირჟანგით გაჯერებული ატმოსფერო ათეული მილიონი წლის განმავლობაში გარდაიქმნა ამ მიკრობთა მირ გამომუშავებული ჟანგბადით გაჯერებულ ატმოსფეროდ.

2,8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა ფოტოსინთეზი, რის შედეგადაც ატმოსფერო კიდევ უფრო შეივსო ჟანგბადით. გაჩნდნენ მიკროორგანიზმები, რომელთათვის ჟანგბადი აუცილებელი იყო, არსებული ორგანიზმები კი, ატმოსფეროში ჟანგბადის წილის გაზრდის გამო, დაიღუპნენ. ახალმა ორგანიზმებმა საკმაოდ სწრაფად განიცადეს ევოლუცია და 2,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდნენ  რთული უჯრედების მქონე ორგანიზმები. 1,6 მილიარდი წლის წინ ცოცხალმა ორგანიზმებმა შეიძინეს სქესობრივი გამრავლების თვისება. 1 მილიარდი წლის წინ კი წარმოიშვნენ ცოცხალი ორგანიზმები, რომელაც ჰქონდათ მყარი გარსი ჩონჩხის სახით. ამ პერიოდში მოხდა დედამიწის ისტორიაში  ყველაზე მასშტაბური მოვლენა - გამყინვარება. ყინულის მასივებმა ეკვატორს მიაღწიეს. 541 მილიონი წლის წინ დაიწყო სიცოცხლის აღორძინება, წარმოიშვა  მრავალგვარი მცენარე და ჯერ უხერხემლო, ხოლო შემდეგ ხერხემლიანი მრავალუჯრედიანი  ცხოველური ორგანიზმები, საბოლოოდ ამფიბიები.

სიცოცხლე თავდაპირველად არსებობდა წყლის მასივებში, შემდეგ კი გავრცელდა ხმელეთზეც. ხმელეთი დაიფარა ხშირი, გაუვალი ტყეებით, რომელთა გაქვავებული ნაშთები შემორჩენილია ერთ-ერთი მნიშნელოვანი საწვავის, ქვანახშირის, სახით.

252,17 მილიონი წლის წინ კლიმატი დედამიწაზე გახდა ძლიერ მშრალი და ცხელი. გაგრძელდა სიცოცხლის აღორძინება, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მცირე და გიგანტური მცენარეებითა და ცხოველებით. გამოჩნდნენ დინოზავრები, ნიანგები და ფრინველები, რომლებიც  დინოზავრების შთამომავლებად ითვლებოდნენ. გაჩდნენ ძუძუმწოვრები. მცენარეების ზოგიერთი ბიოლოგიური ჯგუფი, მაგალითად, ციკადები (саговники), შემორჩენილია დღემდე [Геологические..., 2018].

66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე დაიწყო გეოლოგიური კაინოზური ხანა ("ახალი ცხოვრების ერა"), რომელიც დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში: მოხდა მშრალი და ცივი კლიმატის ჩამოყალიბება, რის გამო დიდი ქვეწარმავლები დაიღუპნენ, სამაგიეროდ, მოხდა ძუძუმწოვართა, განსაკუთრებით თბილსისხლიანთა, სწრაფი განვითარება; წარმოქმნა ბევრი სასარგებლო წიაღისეული  დაწყებული ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან ოქროთი და პლატინით დამთავრებული; დედამიწამ თანდათან მიიღო დღევანდელი სახე; გაჩნდა სიცოცხლის ახალი ფორმა – პრიმატები [Кайнозойская..., 2014].

მეცნიერთა აზრით დედამიწაზე  უძველესი პრიმატები (ძუძუმწოვრები, რომელთაც ნაწილობრივ მიეკუთვნებიან ადამიანის წინაპრებს) – პარაპითეკები (parapithecus),  30 მილიონი წლის წინ   წარმოიშვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ გაშლილ სივრცეში და ხეზე. მათგან წარმოდგა სხვადასხვა  სახეობის არსებები, მათ შორის, ავსტრალოპითეკები, ადამიანთა უშუალო წინაპრები.

შემდეგი ეტაპი იყო ავსტრალოპითეკების ჩამოსვლა  ხიდან, ორ ფეხზე გამართული სიარული, ხელების გათავისუფლება და მისთვის სხვა ფუნქციის მინიჭება (ბუნებრივი საგნების გამოყენება იარაღად და სხვ.), რითაც დამთავრდა ავსტრალოპითეკების საბოლოო ჩამოყალიბება.  ისინი ცხოვრობდნენ დაახლოებით 9 მილიონი წლის წინ და იკვებებოდნენ მცენარეულობით და ცხოველური საკვებით. მათი იარაღი იყო ქვა, ძვალი და ჯოხი,   ყოველგვარი ხელოვნური დამუშავების გარეშე [Этапы..., 2003]. ამის შემდეგ იწყება ქვის ეპოქა. 

ქვის ხანა 

ქვის ხანა, თავის მხრივ, მოიცავს: ძველ ქვის ხანას (პალეოლითი·); შუა ქვის ხანას (მეზოლითი – ძვ.წ. XII–IX ათასწლეულებიდა ახალი ქვის ხანას (ნეოლითი – ძვ.წ. X-VI ათასწლეულები).  

პალეოლითი დაიწყო 2,6 წლის წინათ. ამ დროისათვის  ადამიანები ცხოვრობდნენ ჯგუფურად და იყენებდნენ მეტად პრიმიტიულ ქვის იარაღებს, ასევე ძვლის, ტყავის, ხისა და სხვა მცენარეული წარმოშობის მასალებისაგან დამზადებულ იარაღებს. დაკავებულნი იყვნენ მონადირეობითა და მცენარეული საკვების შეგროვებით. მეთევზეობა მხოლოდ იწყებოდა.

პალეოლითის დასაწყისი ემთხვევა ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებას. პალეოლითი ადამიანის არსებობის უდიდესი პერიოდია, (მოიცავს კაცობრიობის ისტორიის 99%-ს), რომელიც ქვის მეტად პრიმიტიული იარაღით ხასიათდება. ქვედა და შუა პალეოლითი ადამიანის ძველი სახეობების არსებობის ხანაა

დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა „მარჯვე ადამიანი“ („Homo habilis“). მათ უკვე ჰქონდათ კარგად განვითარებული ხელები.  ისინი ამზადებდნენ  20-მდე  დასახელების იარაღს  ქვისა და ხის დასამუშავებლად და ცხოველებზე სანადიროდ, საერთოდ, საკვების მოპოვების მიზნით. ძირითადად იყენებდნენ კენჭებს, გაცივებულ ვულკანურ ლავას, ხესა და ძვლებს. ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას [Человек…, 2016]. 1,5 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა „გამართულად მოსიარულე ადამიანი“ („Homo erectus“). ისინი ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, იყენებდნენ ცეცხლს, ტანსაცმელს, ცხოვრობდნენ ერთად, ჯგუფებად. ზედა პალეოლითში (40—12 ათასი წელი ჩვენს ერამდე)  კი გონიერიადამიანი(Homo sapiens) გამოდის ასპარესზე.

გამყინვარების შემდეგ დედამიწაზე დათბა და არსებითად შეიცვალა ფლორა და ფაუნა. გაიზარდა როგორც მცენარეთა, ისე ცხოველთა რაოდენობა და მრავალფეროვნება. გამოჩდნენ დიდი ზომის ცხოველები (მამონტი, გამოქვაბულის დათვი, ჩრდილოეთის ირემი, ბიზონი და სხვ.). მონადირეობა იქცა ძირითად საქმიანობად. ნადირობისას გამოიყენებოდა ცხოველების შერეკვა წინასწარ მომზადებულ შენიღბულ ორმოებში. ცხოველებს აშინებდნენ ცეცხლით. ნადირობა ადამიანებს აძლევდა არა მხოლოდ ხორცს, არამედ მაგარ ძვალს იარაღის დასამზადებლად და ტყავს ტანსაცმლისათვის, რომლის აუცილებლობა გაჩნდა გამყინვარების გამო. ამ დროს ჩაისახა მეთევზეობა, რასაც მოჰყვა შესაბამისი თევსაჭერი მოწყობილობების გამოგონება (ჰარპუნი, სხვადასხვა სახეობის შუბები, ძვლის კაუჭები, ბადეები და სათხეველები). დაიწყო ძაფებით ქსოვა, რამაც განაპირობა საფეიქრო საქმის წარმოშობა. გამოგონებულიიქნა ნავი, რომელიც გახდა გემთმშენებლობის დაწყების საფუძველი. შეიქმნა ქვის ჩაქუჩი, ნაჯახი, ხელშუბი და ბარჯი, ნემსი, სახვრეტი, საჭრისი. დაიწყო ხელსაწყოების აღჭურვა მოსახერხებელი ჩარჩოებითა და სახელურებით, მისმაგრებული საცვლელი საჭრელი პირებით. ტყავის გამოსაყვანად, მექანიკურის გარდა, გამოიყენებოდა ქიმიური მეთოდი – დატუტვა (ნაცარწმენდილში გამოყვანა). საცხოვრებლად აგებდნენ მიწურებს, რომელსაც ხურავდნენ ხარიხიანი ლატანით, ფოთლებითა და ტყავით, მოგვიანებით მიწურებს ანათებდნენ ქვის სანათით, რომელშიც მოთავცებული იყო ქონი და პატრუქი.სატრანსპორტო საშუალებებად გამოიყენებოდა ხისა და ლერწმის ნავები, ჯალამბარი სათრეველა, ჭოკი, მარხილი [Дятчин..., 2000].

ამ პერიოდში უმჯობესდება იარაღები. ეს იარაღებია: დანა, ნაჯახი, შუბისა და ისრის თავები, საფხეკები და სხვ. გამოიყენებოდა  სატეხი  ტექნიკა. გამოჩნდა ახალი იარაღი – ჰარპუნი (ჭვილთი) და შუბის სატყორცნი, რომლებიც გამოიყენებოდა მონადირეობისა და თავდასაცავად, შემდეგ კი გამოგონებულ იქნა მშვილდ-ისარი. უძველესი გამოგონება იყო ჯოხის გამოყენება ბერკეტად. იარაღებისა  და ტანსაცმლის დასამზადებლად გარდა ქვისა და ხისა იყენებდნენ: რქას, კბილებს, ნიჟარებს, ტყავს, ღეროებს, ფისს, მცენარეულ ბოჭკოებსა და სხვ. უკვე შუა პალეოლიტში დაიწყო საჭმლის მომზადება.

ზედა პალეოლითში კი  ასპარეზზე გამოდის გონიერიადამიანი (“Homo sapiens”).

პალეოლითი იცვლება მეზოლითით, შუა ქვის ხანით, რომელიც რამდენიმე ათასი წელი გაგრძელდა და მნიშვნელოვანი ცვლილებები იარაღების სრულყოფის მიმართულებით არ შეინიშნება. მხოლოდ დედამიწაზე გამყინვარების პერიოდის შედეგად შეცვლილი ბუნებრივი პირობების შემდეგ, მეზოლითისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: იარაღის ზომების შემცორება, მინიატურული ქვის იარაღების დამზადება.

მომდევნო პერიოდი, ნეოლითი·, კი ხასიათდება ქვის დამუშავების ახალი ტექნიკით, ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება,  ხეხვა, მისთვის სასურველი, საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა, რამაც უბიძგა  უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ნეოლითურრევოლუციას·, რომელიც არის ერთ-ერთი  გარდამტეხი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანი მეთევზეობას, ნადირობასა და შემგროვებლობას წარმოებითა (მიწისმოქმედება, მესაქონლეობა) და ბინადარი ცხოვრებით ანაცვლებს. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ათასწლეულებს მოიცავს. დაიწყო: ცხოველების მოშინაურება;  ტანსაცმელისა და ცხოველთა ტყავის ათვისება; საამშენებლო ტექნიკის სრულყოფა მიწურებისა და ქოხების ასაშენებლად; მარხილების გამოყენბა ტვირთის გადასატანად, რომლის დროსაც გამწევ ძალად გამოიყენება ცხოველები; ანკესების, ჰარპუნებისა და ბადეების გამოყენება თევზსაჭერად; სამეთუნეო საქმე; განათების ტექნიკის ათვისება, კვარიდან  და ჩირაღდნებიდან  პრიმიტიულ ზეთის სანთურებზე გადასვლა; სამკაულების, მხატვრობისა და  კულტის პირველი ნიმუშების შექმნა; მიწისქვეშა ნედლეულის, პირველ რიგში კაჟის, იასპის, ფიქალის, მოგვიანებით კი – კირქვის მოპოვება, შტოლნებისა და შახტების გაყვანა. წარმოიშვა სამთო საქმე. იარაღებად გამოიყენებოდა: წერაქვი, ქარჩი, ჩაქუჩები, ნიჩაბი, ფოცხი, ხის მარგილები, რატუშების ტექნიკა ნამდვილ ხელოვნებამდე იქნა აყვანილი; გაუმჯობესდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაб გამოიყენებოდა: ნამგალი, ხელკეტები, როდინი; დაიხვეწა ქვის დამუშავების ტექნიკა, მისი ხეხვის, ბურღვისა და გახერხვის მეშვეობით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვის უფრო მაგარი ქანების – ბაზალტის, ნეფრიტისა და ჟადიეტისაგან იარაღების ნაჯახების, თოხების, როდინების,  ქარჩების დამზადება. ასევე გაუმჯობესდა ხის დამუშავების ტექნიკა, უკვე ხდებოდა ხის პოლირება.

ნეოლითის ეპოქაში ადამიანთა ძირითადი საქმიანობაა მონადირეობა და მიწათმოქმედება. ხდება ცხოველთა მოშინაურება (ცხვრების, თხების, ღორების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, შემდეგ ცხენისა და აქლემის). მოშინაურებული ცხოველები გარდა ხორცისა და ტყავისა (რაც მონადირეობითაც მოიპოვებოდა) იძლეოდნენ რძესა და მატყლს. შინაური ცხოველები გამოიყენაბოდნენ ტვირთის გადასატანად და გამწევ ძალად. მესაქონლეობა გამოეყო მიწათმოქმედებას. დაიწყო მონათმფლობელობის ჩამოყალიბება [Дятчин. .., 2000]. 

ბრინჯაოს ხანა 

ნეოლითის შემდეგ მოდისსაზოგადოების განვითარების ისტორიული პერიოდი, ბრინჯაოს ხანა (სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს გავრცელდა IV-I ათასწლეულებში), როდესაც ქვის იარაღების ნაცვლად საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო ბრინჯაო (სპილენძის შენადნობი სხვადასხვა ელემენტთან).

გამოყოფენ ნეოლითიდან ბრინჯაოს ერაზე გარდამავალ სპილენძის ეპოქას (ენეოლითი – ძვ.წ. IV-III ათასწლეული), რომლისთვისაც დამახასიათებელია სპილენძის იარაღები, თუმცა ჯერ კიდევ ჭარბობს ქვის იარაღები. წარმოიშვა ახალი დარგი – ლითონდამუშავება, რომელიც მოასწავებდა ტექნოლოგიურ გადატრიალებას, რომაც მკვეთრად შეცვალა ადამიანთა საზოგადოების, მისი ეკონომიკის განვითარების ისტორია [Общие…, 2015].

ბრინჯაოს ხანის პირველ ეტაპზე ბრინჯაოს ნაკეთობები იშვიათად იყო გავრცელებული. ბრინჯაოს ერის მეორე ნახევარში ხდება მეტალურგიის გაუმჯობესება. საბრძოლო იარაღებთან ერთად ჩნდება პირველი სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ხმალი, რთული ჯავშანები, ასევე ბრინჯაოსა და ოქროს მაღალმხატვრული ნაკეთობები, სპილენძის ფურცლის პროდუქტები და სხვ.

ამ პერიოდში ხდება მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლილელები:სპილენძისა და კალის დამუშავების გაუმჯობესება და მათგან ბრინჯაოს მიღება; კლასობრივი საზოგადოებებისა და უძველ­ესი სახელმწიფოების ჩამოყალიბება;  ხელ­ოსნობის   გამოყოფა  მიწათმოქ­მე­დებისაგან, ვაჭრობის გაცხოველება·.

ენიოლითისა და ბრინჯაოს ხანაში: მოხდა კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა –  ბრუნვითი მოძრაობის გამოგონება (გამოიყენებოდა: ბორბალი, სამეთუნეო წრე, ხელის წრიული  წისქვილი); აშენდა ხელოვნური სარწყავი სისტემები. იგი შედგებოდა არხებისაგან, რაბების, დამბებისა და შადუფების – წყლის ამწევი ბერკეტული მოწყობილობებისაგან; გამოიყენებოდა კავი და პრიმიტიული გუთანი; განხორციელდა სპილენძის ჩამოსხმა; სოფლის მეურნეობას გამოეყო ხელოსნობა; გაცხოველდა ვაჭრობა, გამოჩნდა ფულის პირველი ერთეულები; წარმოიქმნა სახელმწიფოები; თიხისაგან დამზადდა აგური, რომელიც გახდა ძირითადი სამშენებლო მასალა; გამოგონებული იქნა საპონი, რომელსაც ამზადებდნენ მცენარეული ზეთისა და ტუტისაგან; გამოთლილი ქვის ლოდებისაგან აგებულ იქნა პირამიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი შეიცავს 23 300 000 ქვის ლოდს, რომელთა საშუალო მასა არის 2,5 ტონა (ცალკეული 15 ტონაც კი), საერთო მასა  – 6,25 მილიონი ტონა. ლოდების გადასაადგილებლად გამოიყენებოდა ბერკეტი და დახრილი სიბრტყე; ათვისებული იქნა პაპირუსის დამზადების ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა  ათასწლეულების განმავლობაში ქაღალდის გამოგონებამდე; გამოგონებული იქნა მზისა და წყლის საათები; განვითარდა მეაბრეშუმეობა, აბრეშუმის ძაფის მიღებამ  და საფეიქრო (საქსოვი) მანქანის გამოგონებამ განავითარა საფეიქრო საქმე. დაიწყო ბრინჯის მოყვანა; მიღებულ და გამოყენებულ იქნა ორგანული სასუქი და მავნე მწერების საწინააღმდეგო საშუალებები; გამოყვანილი იქნა ბაბბა და შაქრის  ლერწამი; განვითარდა კომერციული და სამხედრო გემთმშენებლობა.

ეკონომიკის განვითარებამ, რომელიც დაკავშირებულია მრავალ რაოდენობრივ სიდიდესთან, განაპირობა მათემატიკის საწყისების ჩასახვა, ხოლო დროის ათვლის აუცილებლობამ – ასტრონომიის წარმოშობა; შეიქმნა კალენდარი. წელიწადი იყოფოდა 365 დღედ  12 თვედ, ასევე 3 პერიოდად, რომელთაგან თითოეული შედგებოდა 4 თვისაგან. ამ კალენდარმა იარსება საუკუნეების განმავლობაში იულიუსის კალენდრამდე; წარმოისვა მედიცინა; გაჩნდა გეოგრაფიული რუკები. 

რკინის ხანა 

რკინის ხანა არის ისტორიის ერთ-ერთი ეპოქა, როდესაც საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დასამზადებლად ძირითადად რკინა გამოიყენებოდა·.

რკინის გამოყენება ბრინჯაოს ნაცვლად განპირობებული იყო არა ბრინჯაოსთან მისი უპირატესობებით (ვინაიდან რკინა ბევრ ნაკლოვანებას ფლობდა ბრინჯაოსთან შედარებით - იგი ნაკლებად მაგარია (თუმცა ბრინჯაო უფრო მყიფეა), მიდრეკილია კოროზიისადმი, აქვს დნობის უფრო მაღალი ტემპერატურა და სხვ.), არამედ  ბუნებაში ის უფრო მეტია, ვიდრე სპილენძი და კალა.

ადრეული რკინის ხანა გრძელდებოდა ძვ. წ. I ათასწლეულიდან ჩ. წ. V საუკუნემ­დე (ძველი მსოფლიო),  გვიანდელი კი – VI სდაუკუნიდან ინდუსტრიულ რევოლუციამდე. რკინის ხანა ემთხვევა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევასა და სახელმწიფოების წარმოშობას. იქმნება მამულები და ეროვნებები. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ეკონომიკაში: შედარებით იაფი რკინის იარაღები (სახნისი, გუთანი, ნამგალი, ცელი) უფრო მწარმოებლურია. მათი მეშვეობით ხდება: ახალი მიწების სწრაფი ათვისება სახნავად, რითაც ფართოვდებოდა მიწათმოქმედება ტყიან ადგილებში;  ხელოსნობის განვითარების დაჩქარება (მეტალურგია, მეჭურჭლეობა, მშენებლობა, ხის დამუშავება და სხვ.);  სპეციალიზაციის გაღრმავება (მაგალითად მეტალურგიაში: შავი და ფერადი მეტალურგია, სამჭედლო საქმე, იარაღის წარმოება, საიუველირო ხელოვნება და სხვ.) [Грибов…, 2018]; სარწყავი სისტემის განვითარება; სპილენძის მადნის მოპოვების გაიოლება; შემტევითი და თავდაცვითი შეიარაღების, ცხენების აღკაზმულობის სრულყოფა; ტრანსპორტის განვითარება, რამაც გააძლიერა სავაჭრო ურთიერთობები და სამონეტო საქმიანობა.

ამ პერიოდში შეიქმნა მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, კულტურის, ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები (ითვლება, რომ მეცნიერება ჩაისახა ძველ საბერძნეთში VI საუკუნეში ჩვენს წელთ­აღ­რიც­ხვამდე). თანდათან ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ახალი ცოდნის მოპოვებით – მეცნიერები. ვითარდება დამწერლობა, წარმოიშვა ბიბლიოთეკები. ძვ. წ. V-IV საუკუნეებში ცხოვრობდნენ დიდი მოაზროვნეები:  სოკრატე (469-399 ძვ. წ.), პლატონი (428-347 ძვ. წ.), არისტოტელე (384-322 ძვ. წ.). დემოკრიტი (460-370). ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში შეიქმნა პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – მუსეიონი, რომელიც მოიცავდა ლაბორატორიებს ექსპერიმენტებისათვის, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ ბაღს, დიდ ბიბლიოთეკას. აქ მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები ევკლიდე, ეპიკურე, არქიმედე და სხვ. ძვ.წ. III საუკუნეში დაიწყო გრანდიოზული თავდაცვითი ნაგებობისა და უდიდესი არქიტექტურული ძეგლის, ჩინეთის დიდი კედლის, აშენება, რომლის სიგრძეა – 8 851,9 კმ (სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე 21 196 კმ. ყოფილა); სიმაღლე – 7,5 მ, ქონგურებით – 9 მ; სისქე – 6,5 მ·.

ძვ. წ. I საუკუნესა და ჩვ. წ. V საუკუნეებში მეცნიერება, განათლება და ტექნიკა კიდევ უფრო  განვითარდა. გამოგონებული იქნა: დიოპტრი –  თანამედროვე თეოდოლიტის პროტოტიპი; ოდომეტრი – მანძილის გასაზომი მოწყობილობა; ეოლიპილი – რეაქტიული ორთქლის ტურბინის პროტოტიპი; თვითდამტენი სწრაფმსროლელი არბალეტი; სახანძრო ტუმბო, ავტომატური და პროგრამული მოწყობილობები და სხვ. დიდი განვითარება ჰპოვა მშენებლობამ.  მოხდა სამრეწველო წესით რკინის, სპილენძის, ტყვიის, ვერცხლისა და ოქროს მიღება; განხორციელდა ფოლადის ჩამოსხმა; განვითარდა მინამბერი ტექნიკა; საფუძველი ჩაეყარა ქიმიას, განხორციელდა ლითონთა შენადნობის მიღება, ათვისებული იქნა საგანთა ღებვის ტექნიკა; ქალაქებში ამაღლდა კეთილმოწყობისა და კომფორტის დონე: გაიმართა წყალმომარაგების სისტემა და კანალ;იზაცია; აშენდა ტაძრები, ეკლესიები, თეატრები, აბანოები და ა. შ; აშენდა ისეთი გრანდიოზული ნაგებობები როგორიცაა: ძველი ეგვიპტის პირამიდები (ძვ. წ. III ათასწლეული), ბაბილონის "დაკიდული ბაღები" (ძვ. წ. VII საუკუნე), “მავზოლეუმი ჰალიკარნასში” (ძვ. წ. IV საუკუნის შუა რიცხვები), “არტემიდას ტაძარი” ეფესოში (ძვ. წ. 550), “როდოსის კოლოსი” (ძვ. წ. 292 - 280), “ზევსის ქანდაკება” ოლიმპიაში (ძვ. წ. 430) ძვ.წ.), “შუქურა” ალექსანდრიის კუნძულ ფაროსზე (ძვ. წ. III საუკუნე).

ანტიკურ პერიოდში ასევე დიდი განვითარება ჰპოვა სამხედრო ტექნიკამ, განსაკუთრებით სასროლმა მანქანება (გამოგონებული იქნს ძბ, წ. VII საუკუნეში). განსაკუთრებით სრულყოფილი იყო დაფენილი  ტრაექტორიის სასროლი მანქანა – კატაპულტები, მორიელები, ონარები და სხვა; სამხედრო ტექნიკა კერძოდ, ტარანები  და მრავალსართულიანი მოძრავი კოშკები - ჰელეპოლები. განვითარდა გემთმშენებლობა.

ინდოეთში VI საუკუნეში შეიქმნა თვლის ათობითი სისტემა. 100 წლის შემდეგ შემოღებული იქნა უარყოფითი რიცხვები და „0“. IX საუკუნეში საფუძველი ჩაეყრა ალგებრას. X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ოპტიკას. შემდეგ წლებში განვითარდა ასტრონომია. 1428 წელს აგებული იქნა ობსერვატორია მის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა გრანდიოზული გონიომეტრი  – სექსტანტი.

X-XII საუკუნეებში ევროპაში გამოჩნდა წყლისა და ქარის წისქვილები, მექანიკური საათი, შენდება მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ვითარდება ქალაქმშენებლობა, გამთმშენებლობა. დაარსდა უნივერსიტეტები

რენესანსი დაიწყო ანტიკურ ხანაში მიღწევათა აღორძინებით მეცნიერების და ხელოვნების ყველა სფეროში: განვითარდა მედიცინა. რეალური გახდა ადამიანის სხეულის აღნაგობის შესახებ შეხედულება შემოღებულ იქნა ტელესკოპური დაკვირვება, დაიხვეწა მკურნალობის მეთოდები; ფიზიკაში შემოტანილ იქნა ძალის, ძალის მომენტის, ხახუნის კოეფიციენტის ცნებები; წარმოიშვა მსოფლმხედველობის ახალი ჰელიოცენტრული მოდელი, უარყოფილ იქნა რა გეოცენტრული მოდელი, რომ პლანეტები ბრუნავენ მზისა  და თავიანთი ღერძის გარშემო, რომ მთვარე არ არს დამოუკიდებელი პლანეტა და იგი ბრუნავს დედამიწის გარშემო. დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი არის ერთი წელიწადი, ხოლო ღერძის გარშემო  – ერთი დღე-ღამე; ჯერ გამოგონებული იქნა ჭოგრი, მის საფუძველზე კი – ტელესკოპი, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა შეხედულება სამყაროს აგებულების შესახებ.

XVII საუკუნეში შეიქმნა: კლასიკური მექანიკა;  ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები;  მოძრაობის რაოდენობის შენახვის კანონი; გიდრავლიკისა და ჰიდრომეტრიის, ასევე ატმოსფერული წნევის თეორია; ფიზიკური ქანქარის რხევის კანონები;  სინათლის ტალღური თეორია; შეწავლილ იქნა: სხეულის ვარდენა, მისი მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე; ქანქარის სიმის რხევები; გაზომილ იქნა: ბგერის სიჩქარე ჰაერში; შემოღებულ იქნა კოორდინატთა სისტემა;  განვითარდა სხეულთა ატომური აგებულების შეხედულება და ატომთა შეერთებით მიღებულ მასას მოლეკულა ეწოდა; გამოგონებულ იქნა ვერცხლისწყლის ბარომეტრი; ჩამოყალიბდა კლასიკური ფიზიკა. აღმოჩენილი იქნა მსოფლიო მიზიდულობის, ნიუტონისა და ბუილ-მარიოტის კანონები; შემოტანილი იქნა ისეთი ცნებები, როგორიცაა: მასა, სიმკვრივე, მოძრაობის რაოდენობა, ძალა, უჯრედი;  გამოვლენილი იქნა სინათლის დისპერსია, ქრომატული აბერაცია, დიფრაქცია და ინტერფერენცია; შეიქმნა სინათლის კორპუსკუოლარული და ტალღური თეორია და სხვ.; გაჩნდა მიკროსკოპი და ტელესკოპი; საფუძველი ჩაეყარა მაგნიტიზმსა და ელექტრობას; გამოგონებულ იქნა ქაღალდი, ცეცხლსასროლი იარაღი, დენთი, კომპასი და გემები, რომელთაც შეეძლოთ გადაეცურათ მთელი ოკეანე; დაიწყო წიგნის ბეჭდვა (XV); გაიზარდა კავშირი და ურთიერთგავლენა საზოგადოებას, ცოდნასა და ტექნიკას შორის. დაარსდა სამეცნიერო ჟურნალები, აკადემიები, საზოგადოებები (მაგ. ლონდონის სამეფო საზოგადოება (1662), პარიზის მეცნიერებათა აკადემია (1666)).

XVIII საუკუნის დასაწყისამდე ეკონომიკაში წარმოება ეფუძნებოდა ხელოსანთა გილდიებს. შემდეგ დამკვიდრდა მანუფაქტორული წარმოება, რომელმაც გაზარდა მწარმოებლურობა. მანუფაქტორული წარმოება ეფუძნებოდა ცხოველის, წყლისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, ამდენად ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო იყო ენერგიის ახალი სახეობის გამოყენება, რის საშუალკებასაც იძლეოდა მიღწევები მეცნიერებასა და ტექნიკაში. დაიწყო ორთქლის მანქანათა გამოგონების მთელი სერია.  განვითარდა მეტალურგია, ამას ხელი შეუწყო ბრძმედებში ხის ნაშირის შეცვლამ ქვანახშირის კოქსით   ფოლადის მისაღებად (1709). ორთქლის მანქანა შეიქმნა 1782 წელს, რომელის სრულყოფა მოხადა 1788 წელს. ეს მაუწყებელი იყო ინდუსტრიული ანუ სამრეწველო რევოლუციის. დაიწყო ხელით შრომიდან გადასვლა მანქანურზე, მანუფაქტურული წარმოებიდან – ფაბრიკულზე, აგრარული ეკონომიკიდან ინდუსტრიულზე [История...2017].

ინდუსტრიულ რევოლუციამდე მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე.წ. აგრარული რევოლუცია, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით.

ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე. წ. „შემოღობვათა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული (ინგლისში), გლეხების პაუპერიზაიცია გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარესბო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაში დასაქმებულიყო.

რკინის ხანა მთავრდება ფოლადისა და თუჯის წარმოებით. რკინის ხანის დასასრულთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა შეხედულება. ერთნი თვლიან, რომ ის გაგრძელდა სამრეწველო რევოლუციამდე, სხვას კი მიაჩნია რომ ის დღესაც გრძელდება, ვინაიდან ფოლადი და თუჯი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად თანამედროვე კონსტრუქციულ მასალებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიმართლეს შეესაბამება პირველი შეხედულება, ვინაიდან სამრეწველო რევოლუციის შემდეგ იწყება უზარმაზარი პროცესები, რომლებმაც მიგვიყვანა არა ერთი ტექნოლოგის შექმნასთან, რომელთა მეშვეობითაც განუზომლად გაიზარდა ადამიამთა შესაძლებლობები მათი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.  იწყება უმნიშვნელოვანესი თვისებრივი ცვლილებები

პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე არის პერიოდი, როდესაც  ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტსა და ტექნოლოგიებში ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოზე. განხორციელდა "ინდუსტრიული" ანუ "სამრეწველო რევოლუცია".   დაიწყო „ინდუსტრიალიზაციის პროცესი“, რასაც მოჰყვა ჯერ  „ინდუსტრიული საზოგადოების“, ხოლო შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში “პოსტინდუსტრიული საზოგადოების” ჩამოყალიბება. მაღალგანვითარებული ინოვაციური ეკონომიკით.

ტერმინით, "ინდუსტრიული" ანუ "სამრეწველო რევოლუცია"აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ ინდუსტრიულეპოქას. თუკი ინდუსტრიული რევოლუცია ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროცესს აღნიშნავს, ტერმინი ინდუსტრიალიზაცია უფრო ეკონომიკურ და ტექნიკურ „მოდერნიზაციას“ გულისხმობს. 

დასკვნები 

  1. თანამედროვე საზოგადოება დედამიწის, ადამიანისა და ეკონომიკის ევოლუციისა და განვითარების პროცესების შედეგად ჩამოყაიბდა, რაც გამოიწვია: დედამიწის წარმოქმნის უნიკალურმა კოსმოსურმა მოვლენებმა; სასწაულებრივმა მოვლენებმა დედამიწის, სამყაროში უსასრულოდ მრავალრიცხოვან ციურ სხეულებს შორის,  ისეთ ერთად-ერთ პლანეტად ჩამოყალიბებამ, რომელზეც სიცოცხლე არსებობს; დედამიწაზე აქამდე აუხსნელმა სიცოცხლისა და მისი უმაღლესი ფორმის, ადამიანის, წარმოშობამ და მისმა ევოლუციამ; ადამიანის მიერ იარაღის გამოყენებამ, პრიმიტიული ეკონომიკის წარმოქმნამ და მისმა ევოლუციამ. დედამიწის წარმოქმნის შემდეგ ცვლილებები ძალიან ნელა მიმდინარეობდა, მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს მილიარდობით და მილიონობით წლები დასჭირდა
  2. ეკონომიკის ჩამოყალიბებას იმ სახით, რა სახითაც დღეისთვის გვაქვს დიდი დრო დასჭირდა. თავდაპირველად იგი ისეთივე პრიმიტიული იყო, როგორც ადამიანი და მის მიერ გამოყენებული იარაღი (ამიტომ ასეთ ეკონომიკას შეიძლება პრიმიტიული ეკონომიკა ვუწოდოთ), მაგრამ მას პრიმიტივიზმის მიუხედავად, მაინც აქვს თანამედროვე ეკონომიკის გარკვეული ნიშნები (თვით მისი ჩანასახოვანი სახით არსებობისასაც კი), ვინაიდან მაშინაც არსებობდა: ურთიერთობა ბუნებასთან;  ურთიერთობები თემის (ჯგუფის) წევრებს შორის; ტექნოლოგიები;  ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი; შრომის იარაღები; ინფორმაციის გაცვლა;  ინსტიტუციები და ა. შ;
  3. დედამიწის განვითარება მიმდინარეობდა სრულიად უსიცოცხლო მასიდან სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობების შექმნამდე (ატმოსფერო, წყალი, ხმელეთი, ფლორა, ფაუნა, წიღისეულები, ჰავა და სხვ.). ძნელად წარმოსადენია, ზებუნებრივი ძალების გარეშე, დედამიწის ისე გარდაქმნა, რომ მისგან დღევანდელი სიცოცხლით სავსე პლანეტა და მასზე მაღალგანვითარებული  საზოგადოება ჩამოყალიბდებოდა. ამაზე მეცნიერებას ზუსტი პასუხი დღესაც არა გააჩნია.
  4. ეკონომიკა განვითარდა შემგროვებლური ეკონომიკიგან მანუფაქრურულ ეკონომიკამდე, რაც მიმდინარეობდა ბუნებრივი იარაღების გამოყენებისა (ხელკეტი, ქვა დამუშავების გარეშე) და ადამიანის მიერ შექმნილი იარაღების სრულყოფის პარალელურად, როდესაც ცალკე დარგაბად ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობა მესაქონლეობა და ხელოსნობა, როდესაც ათვისებული იქნა ენერგიის ბუნებრივი წყაროები – წყლისა და ქარის ენერგია.
  5. დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა „მარჯვე ადამიანი“ („Homo habilis“). ზედა პალეოლითში (40—12 ათასი წელი ჩვენს ერამდე)  კი “გონიერი ადამიანი” (“Homo sapiens”) გამოდის ასპარესზე.
  6. ნეოლითი, კი ხასიათდება ქვის დამუშავების ახალი ტექნიკით, ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება,  ხეხვა, მისთვის სასურველი, საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა, რამაც უბიძგა  უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ნეოლითურრევოლუციას, რომელიც არის ერთ-ერთი  გარდამტეხი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანი მეთევზეობას, ნადირობასა და შემგროვებლობას წარმოებითა (მიწისმოქმედება, მესაქონლეობა) და ბინადარი ცხოვრებით ანაცვლებს. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ათასწლეულებს მოიცავს.
  7. რკინის ხანა მთავრდება ფოლადისა და თუჯის წარმოებით. რკინის ხანის დასასრულთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა შეხედულება. ერთნი თვლიან, რომ ის გაგრძელდა სამრეწველო რევოლუციამდე, სხვას კი მიაჩნია რომ ის დღესაც გრძელდება, ვინაიდან ფოლადი და თუჯი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად თანამედროვე კონსტრუქციულ მასალებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიმართლეს შეესაბამება პირველი შეხედულება, ვინაიდან სამრეწველო რევოლუციის შემდეგ იწყება უზარმაზარი პროცესები, რომლებმაც მიგვიყვანა არა ერთი ტექნოლოგის შექმნასთან, რომელთა მეშვეობითაც განუზომლად გაიზარდა ადამიამთა შესაძლებლობები მათი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.  იწყება უმნიშვნელოვანესი თვისებრივი ცვლილებები. შეიქმნა მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, კულტურის, ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები. განსაკუთრებით ვითარედება მეცნიერება (მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია და სხვ.)
  8. პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე არის პერიოდი, როდესაც  ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტსა და ტექნოლოგიებში ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოზე. განხორციელდა "ინდუსტრიული" ანუ "სამრეწველო რევოლუცია", საფუძველი ჩაეყარა ახალი, „ინდუსტრიული საზოგადოების“ ჩამოყალიბებას.
  9. 9.    ტერმინით, "ინდუსტრიული" ანუ "სამრეწველო რევოლუცია". აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ ინდუსტრიულ ეპოქას.
  10. თუკი “ინდუსტრიული რევოლუცია” ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროცესს აღნიშნავს, ტერმინი „ინდუსტრიალიზაცია“ უფრო ეკონომიკურ და ტექნიკურ „მოდერნიზაციას“ გულისხმობს.

 ლიტერატურა 

  1. პირველყოფილი საზოგადოებები. 2003 https://ucnauri.com/218597/ პირველყოფილი-საზოგადოებ/
  2. Bronze Age. 2006. https://www.history.com/topics/pre-history/bronze-age
  3. Groeneveld   E. 2016. Stone Age Tools https://www.ancient.eu /article/998/stone-age-tools/
  4.  Human evolution. 2010 https://en.wikipedia.org/wiki/Human_evolution 
  5. Iron Age. 2006. https://www.history.com/topics/pre-history/iron-age
  6. The Creat Transformation.2001. Boston, Massachusetts https://inctpped.ie.ufrj.br/ spiderweb/pdf_4/ Great_Transformation.pdf
  7. Геологические эры и их последовательность в истории Земли. 2018. https://zen.yandex.ru/ media/priroda_dikaya_i_ne_ochen/ geologicheskie-ery-i-ih- posledovatelnost-v-istorii- zemli-5b1a78d35f49679a79401e04
  8. Грибов Н.Н. 2008. Эпоха железа в археологии. Учебно-методический комплекс. Под редакцией проф. Е.А. Молева. Н.Новгород.
  9. Дятчин Н.И. 2000. История развития техники. Ростов н/Д, Феникс
  10. История науки и техники. 2017 https://www.google.com/search?client=opera&q=История +науки+и+техники+ древней+доисторической+эпохи&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8 10юМайдачевский Д.Я. 2008. История экономики от эпохи палеолита до ХХ века
  11. Кайнозойская Эра. 2014 https://animals-wild.ru/ery-i- periody-zemli/2039-kaynozoyskaya-era.html
  12. Майдачевский Д.Я. 2008. История экономики от эпохи палеолита до ХХ века
  13. Общая характеристика эпохи железа. 2005. https://arheologija.ru/obshhaya- harakteristika-epohi-zheleza/
  14. Общие сведения об исторической периодизации. 2015. https://cultprosvet-mag .livejournal.com/25183.html
  15. Палеолит. 2018. https://ru.wikipedia.org/wiki/Палеолит
  16. современные представления о происхождении человека 2008 https://gist.github.com/anony mous/ 98033986424b5c5a6442df232064d29f 
  17. Человек умелый: особенности образа жизни, орудия труда. 2016. https://wildfrontier.ru/chelovek-umelyj-osobennosti-obraza-zhizni-orudiya-truda-kak- vyglyadel-chelovek-umelyj-i-chem-otlichalsya-ot-kromanontsa/ 
  18. Этапы эволюции человека. 2004 http://shkolo.ru/etapyi-evolyutsii-cheloveka/  


  • · ნაშრომში სადაც მითითებები არ არის  ფაქტობრივი მასალები გამოყენებულია შემდეგი წყაროებიდან: [პირველყოფილი..., 2003 ]; [Палеолит,  2018]; [Groeneveld…, 2016] [Майдачевский... 2008]; [Human..., 2010]; [современные..., 2008]; [Bronze..., 2006.]. [Iron..., 2006].
  • · ყველაზე ძველი ქვის იარაღი, აღმოჩენილი კენიაში, ტურკანას ტბასთან 2015 წელს, თარიღდება 3 მილიონ 300 ათასი წლით.
  • · https://archaeo.fandom.com/ka/wiki/ნეოლითი
  • · სახელი, ნეოლითური რევოლუცია”, პირველად გამოიყენა გორდონ ჩაილდმა გასული საუკუნის 20-იან წლებში ახლო აღმოსავლეთის აგროკულტურული (სამიწათმოქმედო) რევოლუციის აღსანიშნავად.
  • ·https://ka.wikipedia.org/wiki/ბრინჯაოს_ხანა
  • ·https://www.google.com/search?client=opera&q=век+железа&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8· 
  • ttps://ka.wikipedia.org/wiki/ჩინეთის_დიდი_კედელი#ზომები_და_ფორმები